საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ მის სამუშაო ოთახსა და სახლში ჩხრეკისას მასალები ამოიღეს
საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ მის სამუშაო ოთახსა და სახლში ჩხრეკისას მასალები ამოიღეს

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის განცხადებით, მის სამუშაო ოთახში და სახლში ჩატარებული ჩრეკის შედეგად შესწავლის მიზნით მასალები ამოიღეს. მისივე თქმით, ჩხრეკა პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

„დილით ჩხრეკა ჩაატარეს სახლში, შემდეგ სამუშაო ოთახში. აბსოლუტურად ყველანაირი მასალები ამოიღეს შესწავლის მიზნით. მოგეხსენებათ, პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული. ამოიღეს რუკები, ოქმები რაღაც შეთანხმების. კომისიის წევრის სახლში არ არ არის ნაპოვნი რუკა. რაც შეეხება 1938 წლის რუკას, 1936 წლის კონსტიტუციით, როდესაც ამიერკავკასიის რესპუბლიკა სამ რესპუბლიკად დაიშალა, 1938 წელს მოხდა ამ რესპუბლიკებს შორის საზღვრების შეთანხმება და დამტკიცება, ცალ-ცალე რესპუბლიკებად დაამტკიცეს საზღვრები. არსად არ ყოფილა გამქრალი რუკა, ჩვენთან, საქართველოში, სახელმწიფო არქივში ინახებოდა ამ რუკის ასე ვთქვათ, ასლი. ეს ინახებოდა როგორც დედანი სწორი ასლთან, იმიტომ რომ, მოგვიანებით წლებში ამიერკავკასიის ერთი ტერიტორიული ინსპექცია იყო გეოდაზიის და კარტოგრაფიის. ის იყო პასუხისმგებელი საზღვრებზე და შემდგომ წლებში, როდესაც ეს ერთი ტერიტორიული ინსპექცია სამად დაიშალა, ერთი აზერბაიჯანში, მეორე სომხეთში და მესამე საქართველოში დარჩა – ამ დროს მოხდა მასალის გადანაწილება. რაც შეეხება რუკას, ხელმოწერილები რაც არის დოკუმენტალურად გაფორმებული, ისეთნაირად ყარეს წილი, რომ რაღაც პასუხისმგებლობები რომ გაინაწილეს, ეს მოხვდა სომხეთში“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ივერი მელაშვილის განმარტებით, გამორიცხულია, აზერბაიჯანის სასარგებლოდ დათმობა, ფართობების გადაცემა, რასთან დაკავშირებითაც აჟიოტაჟია ატეხილი.

„არსებობდა რუკა, არქივებში არის დაცული, ორიგინალი არის ერევანში. წეღანაც გითხარით, ტერიტორიული ინსპექცია ერთი ერთეული, რომელიც კურირებდა ამ სამი ქვეყნის საზღვრებს, რუკების წარმოებას და სხვა სფეროებიც შეეხებოდა, მათ შორის საზვრების მორიგებობაც. ეს იყო ადრე თბილისში, საუბარია ადრინდელ პერიოდზე, ამ ერთის ბაზაზე შემდეგ ჩამოყალიბდა სამი და მოხდა ამ ფუნქციების გადანაწილება. გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა, ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა ჩხრეკა და შემდგომში რა მოქმედებები ექნებათ, არ ვიცი. შემიძლია განვაცხადო, რაც ბოლო პერიოდში აჟიტირებულია, რომ ფართობების გადაცემა, დათმობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ამისთანა რამე გამორიცხულია, არც ძველ კომისიაში მომხდარა და იმედია, არც ახალში მოხდება. წარმოუდგენელია ეს. გადაცდომას არანაირი ადგილი არ ჰქონია, იქ წლების განმავლობაში თანხმდებოდა მონაკვეთები. შესაბამისად, დღეს აზერბაიჯანთან  მთლიანი საზღვრის 66 პროცენტი შეთანხმებულია, ეს ის მონაკვეთებია, სადაც ახლა არც პრობლემები ყოფილა და არც გადაცდომები“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა დააკავონ, ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ არაფერს გამორიცხავს. ამასთან, როგორც მელაშვილმა აღნიშნა, მის გრდა, საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში კომისიის სხვა ყოფილი წევრებიც გამოიკითხნენ, მათ შორის, გივი კეკელაძე.

„ვერაფერს გამოვრიცხავ და ცოტა მეცინება. ჩხრეკა ჩატარდა ყველგან და სამსახურის ოთახიდანაც ყველაფერი წაიღეს, მაგრამ ყველა კითხვას აქვს თავისი პასუხი, რატომ რისთვის და რანაირად. არ არსებობს ამისნაირი ფაქტი, რომ ვინმესთვის რამე დაგვეთმო ან ადრე ან ახლა დავთმოთ რამე. ვიცი, რომ კომისისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და იგივე გივი კეკელაძე, კომისიის თავმჯდომარეები დაბარებული იყვნენ პროკურატურაში და გამოიკითხნენ, მათ შორის მეც გამოვიკითხე პროკურატურაში“, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.