საქართველო ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება
საქართველო ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება

ოთხი ქართველი დიზაინერი და ავეჯის მწარმოებელი გერმანიაში, ქალაქ კიოლნში დაგეგმილ ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. ავეჯის საერთაშორისო გამოფენა „Passagen 2019” მიმდინარე წლის 14-20 იანვარს გაიმართება.

გამოფენაზე შპს „ფუნდუკი“, შპს „დიზაინ ბიურო“, შპს XYZ და ი/მ ანუკა თავართქილაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ქართული ავეჯის კლასტერის ორგანიზებით წარსდგებიან.

„Passagen 2019 დიზაინის მიმართულებით გერმანიაში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. გამოფენა ქალაქის ცენტრალურ უბნებში თავმოყრილ საგამოფენო სივრცეებში, ავეჯის მაღაზიებსა და შოურუმებში იმართება. ღონისძიებას დიზაინის საერთაშორისო ექსპერტები, პოტენციური პარტნიორების მაძიებელი კომპანიები, მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ.

მონაწილეებს შემუშავებული აქვთ ერთიანი კონცეფცია ღვინის თემატიკაზე და საერთო სივრცეში გამოიფინება ღვინის ავეჯი. ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს, როგორც ღონისძიების საპატიო სტუმრის საპრეზენტაციო წვეულება გაიმართება, სადაც სტუმრებს ქართული ღვინით უმასპინძლებენ.