საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს, ვაშინგტონში გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეები განიხილავენ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები ისაუბრებენ, აგრეთვე, საკონსტიტუციო რეფორმის, კონკრეტულად კი, სასამართლო ხელისუფლების რეფორმის, საარჩევნო სისტემის დახვეწისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ის მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე, ბროკ ბირმანი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ბრიჯიტ ბრინკი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს უფროსი მრჩეველი, ელჩი მაიკლ კოზაკი.