„საქართველო 360“ – საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტი

საქართველოს პირველმა არხმა დღეს ახალი მულტიმედიური პროექტის, „საქართველო 360“ – 360georgia.ge პრეზენტაცია გამართა.

პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, იმოგზაურონ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ კუთხეებში. შეუძლიათ, დაათვალიერონ საქართველოს ის ადგილები, რომლებიც აქამდე არ ჰქონდათ ნანახი.

პროექტის მიზანია საქართველოს წარმოჩენა, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურის გაცნობა და პოპულარიზაცია.

ამ ეტაპზე გადაღებულია 4 000-მდე 360 მაღალი გარჩევადობის ფოტო. გადაღებები რეგიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს და საიტი მუდმივად განახლდება.

პროექტის იდეის ავტორია ვასილ მაღლაფერიძე, ხოლო ფოტოები ეკუთვნის ირაკლი გედენიძეს.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, პირველმა არხმა საკუთარ აუდიტორიას, ქართველ ხალხს საჩუქარი გაუკეთა, რომელიც, ფოტოების გარდა, აერთიანებს ფოლკლორს, საქართველოს ისტორიას, მუსიკას, კულტურასა და ეთნოგრაფიას.

„პროექტი არის ინოვაციური. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია, თავად აირჩიოს ტური, იმოგზაუროს საქართველოში. ვფიქრობ, პროექტი საინტერესო იქნება უცხოელი სტუმრებისთვისაც, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლამდე წარმოდგენა შეექმნებათ ჩვენს ქვეყანაზე. პროექტი საინტერესო იქნება მცირე ბიზნესისთვის. მათ უსასყიდლოდ შევთავაზებთ, საიტზე განათავსონ საკუთარი ბიზნესობიექტები. ვფიქრობ, პროექტი საინტერესოა და განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

პროექტის იდეის ავტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პროექტი „საქართველო 360“ მნიშვნელოვანია, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, თავისი ქვეყნით დაინტერესებული ადამიანებისათვის, ასევე ტურისტებისთვის.

მისივე თქმით, პროექტი „საქართველო 360“ იძლევა საშუალებას, რთულად მისასვლელი ადგილებიც კი დავათვალიეროთ.

„ეს პროექტი აღძრავს ინტერესს, რომ მიხვიდე და დაათვალიერო საქართველოს ულამაზესი კუთხეები. გარდა ამისა, ეს არის ისტორიის აღბეჭდვა. პროექტი დღეს გაიხსნა და ვფიქრობ, გაგრძელდება ათწლეულებიც, მუდმივად. ახლა ძალიან გვინდა, რომ პროექტი ყველას მოეწონოს და საჭირო გახდეს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.


დატოვე კომენტარი