საქართველო ბულგარეთის წინააღმდეგ - ეს მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორთან პირველი ისტორიული გამარჯვება იყო [ვიდეო] #1TVSPORT
11 ოქტომბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. საქართველოს ნაკრებმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი პირველად დაამარცხა – ეს 1995 წლის 11 ოქტომბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ მოხდა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე ბულგარეთის ეროვნული გუნდი იყო – 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი, გუნდი-აღმოჩენა, რომელმაც მეოთხედფინალში გერმანიის უძლიერესი ნაკრები 3:0 დაამარცხა და მსოფლიოს ოთხ საუკეთესო გუნდს შორის პირველად მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე შესარჩევ ჯგუფში ეს ბოლოსწინა ტურის მატჩი იყო. სხვათა შორის, მაშინდელ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა – 15 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ალბანეთი, მოლდოვა და უელსი უკან ჩამოიტოვა. მოლდოვასთან ორივე მატჩი სენსაციურად რომ არ წაეგო (0:1 თბილისში და 2:3 კიშინიოვში), შესაძლოა, მეტიც დაეგროვებინა.
ეს ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, სადაც გუნდმა ის თვისებები გამოავლინა, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს უყვარდათ – ბულგარეთის ნაკრები შემტევი, ლაღი და აზრიანი თამაშით დაამარცხა. ქართული ნაკრების მოტივაცია იმან გაამძაფრა, რომ პირველ შეხვედრაში, სოფიაში ბულგარელმა ფანებმა საქართველოს ჰიმნზე ობსტრუქცია მოაწყვეს და უსტვინეს.
შეხვედრის დასაწყისი ისეთი იყო, გულშემატკივარი ვერც იოცნებებდა. გოჩა ჯამარაულმა მეტოქე მოატყუა და შოთა არველაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, მან კი ზუსტად დაარტყა – 1:0. მეორე ტაიმში სტუმართა მეკარემ, ბორისლავ მიხაილოვმა კახა გოგიჩაიშვილი საჯარიმოში წააქცია და მთავარმა არბიტრმა ბულგარელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ქინქლაძემ ზუსტად შეასრულა – 2:0. 88-ე წუთზე ხრისტო სტოიჩკოვმა ანგარიში შეამცირა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორმა მეტი ვეღარ მოახერხა – 2:1.
საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე ფასეული გამარჯვება მოიპოვა, ჯგუფის ლიდერი ბულგარეთი მეორე ადგილზე დააქვეითა და პირველისკენ გზა გერმანიას გაუხსნა. ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის შესარჩევ ეტაპზე 5 მოგება საუკეთესო შედეგი იყო მანამ, სანამ ერთა ლიგის გათამაშება დაიწყებოდა.
11 ოქტომბერი, 1995. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი – 45 000 მაყურებელი.
საქართველო 2:1 ბულგარეთი
გოლები: 1:0 შოთა არველაძე (2, გოჩა ჯამარაულის პასით), 2:0 გიორგი ქინქლაძე (48, პენ), 2:1 ხრისტო სტოიჩკოვი (88)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, გიორგი ღუდუშაური (83. ბესიკ ბერაძე), დიმიტრი კუდინოვი, მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (75. გიორგი კილასონია), არჩილ არველაძე (46. მიხეილ ყაველაშვილი), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ბულგარეთი: ბორისლავ მიხაილოვი, ილიან კირიაკოვი, ტრიფონ ივანოვი (57. კრასიმირ ჩომაკოვი), ცანკო ცვეტანოვი, ზლატკო იანკოვი, ლუბოსლავ პენევი, ნასკო სირაკოვი (51. დანიელ ბორიმიროვი), იორდან ლეჩკოვი, ემილ კოსტადინოვი, ხრისტო სტოიჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი
მწვრთნელი: დიმიტარ პენევი
მთავარი არბიტრი: ურს მაიერი (შვეიცარია)
მას შემდეგ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები და პრიზიორები დაუმარცხებია, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო და ამიტომაც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ფასეული გამარჯვებაა.