საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი
საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

„ისტორიული უსამართლობა, რომელსაც ახლა თვალყურს ვადევნებთ და ფიზიკურად უამრავი ადამიანი ვართ მონაწილე, უნდა დასრულდეს და აუცილებლად დასრულდება. თავად ის ფაქტი, როდესაც ახლა ჩვენ ვდგავართ აქ, უამრავი მაყურებელი ადევნებს თვალყურს თქვენს ჩართვებს, ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ისტორიული აბსურდია და ეს ისტორიული აბსურდი დასრულდება, ამაში ეჭვი არ მეპარება, მგონი, არც არავის ეპარება. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულების მთავარი იარაღი არის რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტებასა და დამარცხებაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე გადაყვანილია სასამართლოს შენობაში.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.