საქალაქო სასამართლოსთან ადვოკატების ნაწილი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბა
საქალაქო სასამართლოსთან ადვოკატების ნაწილი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ადვოკატების ნაწილი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ადვოკატების თქმით, მათთვის მიუღებელია ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მტკიცებულებათა ფალსიფიცირების საქმეზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით ხორციელდება.

მათივე განცხადებით, მიუღებელია ადვოკატისგან ტელეფონის ამოღება და ინფორმაციის გამოთხოვა.

„ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ სასამართლომ უკანონო განჩინება მიიღო, ადვოკატს ჩამოართვა ტელეფონი და ის გადაეცა გამოძიებას. ტელეფონში ადვოკატი ინახავს პირად ინფორმაციას, კომუნიკაციას მის სხვა კლიენტებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჩვენ, ადვოკატებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს, არ გვავალდებულებს, რომ გავცეთ ეს ინფორმაცია, სასამართლომ ჩათვალა, რომ მას შეუძლია დადგეს კანონზე მაღლა და მაინც დაავალდებულოს ადვოკატი, გასცეს ასეთი ინფორმაცია. ეს მიმაჩნია უკანონოდ და ამის გასაპროტესტებლად ვართ მოსულები. ეს არის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და ეს არის საფრთხის შემცველი. დღეს თუ რამიშვილის მიმართ გაიცა ეს განჩინება, ხვალ შესაძლოა გაიცეს ნებისმიერი ადვოკატის მიმართ, ჟურნალისტის, სასულიერო პირის მიმართ და ასე შემდეგ. ასეთი პრაქტიკის დაკანონება არ შეიძლება და ამისათვის შევიკრიბეთ, რომ მოვუწოდოთ სასამართლოს, არ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს შეუქმნის მომავალში დაცვის უფლებას“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

ადვოკატების შეკრებასთან დაკავშირებით საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განმარტა, რომ ისინი მოქმედებენ მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და მათ მხოლოდ ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მასალები გამოითხოვეს.

სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი