საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის მონაწილე რვა პირის პროცესი გაიმართა, რომელთაც 10 დეკემბერს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან
საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის მონაწილე რვა პირის პროცესი გაიმართა, რომელთაც 10 დეკემბერს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის მონაწილე რვა პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელთაც 10 დეკემბერს, აქციის დროს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა პროცესზე განაცხადა, იმ დროისთვის აქციის მონაწილეთა რაოდენობა მცირე იყო და გზის გადაკეტვის ლეგიტიმური საფუძვლები არ არსებობდა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა გზა ხელოვნურად გადაკეტეს, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევას წარმოადგენდა.

საპირისპირო პოზიცია ჰქონდათ ადვოკატებს. უფლებადამცველების განცხადებით, შსს-მ ვერ წარადგინა ვიდეომტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან გზის ხელოვნურად გადაკეტვას დაადასტურებდა. ადვოკატების თქმით, ისინი რუსთაველზე მაშინ მივიდნენ, როდესაც გზა უკვე გადაკეტილი იყო. ადვოკატი ამბობს, რომ, ხალხის დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გზა ბუნებრივად იყო გადაკეტილი. მათივე განმარტებით, შსს-მ ვიდეომტკიცებულებები 112-ის გარე სამეთვალყურეო კამერებიდან პროცედურების დარღვევით მოიპოვა.

ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებდა, რომ შსს-ს მიერ წარდგენილ კადრებში საკუთარი თავი ვერ ამოიცნო, ერთ-ერთმა კი აღნიშნა, რომ 10 დეკემბერს აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 7 თებერვლისთვის გადაიდო.