საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს, ხმაური იყო
საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს, ხმაური იყო

საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს, ხმაური იყო.

სხდომაზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 20 წუთია, სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოდის და არსებითად ბრალდებასთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.

„20 წუთია, ვისმენ და ერთი სიტყვა არ თქმულა, განსახილველ 7 ნოემბრის საქმეზე, იქნებ სასამართლომ შეახსენოს ბატონ მიხეილს, რომ ის პრეზიდენტის სტატუსით არ გამოდის, მას  ბრალდებულის სტატუსი აქვს და საპროცესო ნორმები დავიცვათ. პროცესს დავუბრუნდეთ სასამართლო განხილვას, ან გონივრული დრო შევურჩიოთ. მე მგონი, 20 წუთი გონივრული დრო იყო მიმართვის და რამდენი ხანი შეიძლება, ვუსმინოთ აბსოლუტურად სხვა გარემოებებზე, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული განცხადება. ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საქმეზე“, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის ამ განცხადებას ადვოკატებში პროტესტი გამოწვია, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ 20 წუთი ეყოთ პროკურორებს, საიმისოდ, რომ ესმინათ ისტორიული სიტყვა.

„დარწმუნებული ვარ, აქ მსხდომ პროკურორებს კიდევ უფრო ღრმად აინტერესებთ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი სიტყვის ნაწილი, მაგრამ ალბათ უთხრეს, რომ მანდ იმიტომ კი არ ხართ, რომ ბრალდებას მხარი დაუჭიროთ, იმიტომ ხართ, რომ მოაწყოთ დესტრუქცია. სასამართლოს ამ ეტაპამდე არ ჩაუთვლია, რომ ეს არის არაგონივრული დრო, 20 წუთი. ადამიანის მიმართ წარდგენილია ბრალდება მის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით და 20 წუთი კი არა, ერთი საათიც კი, თუ 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას მისცემს, აქვს უფლება ისაუბროს. ძალიან გთხოვთ, რომ პროკურატურასთანაც პრევენცია მოვახდინოთ, რომ თქვენ განუსაზღვრეთ, პოლემიკაში არ გადაიზარდოს ეს ისტორიული სიტყვა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მიმართა სასამართლოს, რომ პროკურატურას სპეკულაციებისა და ჩარევების საშუალება არ ჰქონდეს.

„მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთი საათი ისაუბრებს. თქვენი საქმე არ არის რასთან დაკავშირებით ისაუბრებს. ეს არის სასამართლოს საქმე“, – მიმართა ნიკა გვარამიამ პროკურორს.

პროკურორმა აღნიშნა, რომ მტკიცებულებები აქვთ წარმოდგენილი და საქმეზე უნდა იყოს საუბარი. რის შემდეგაც სხდომაზე პროკურორებსა და ადვოკატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ამასთან, მოსამართლემ ორივე მხარეს დამშვიდებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ როდესაც ბრალდებული პირი მოდის სასამართლო სხდომის დარბაზში, მან პოზიციაც უნდა დააფიქსიროს ბრალდებასთან დაკავშირებით და ასევე მას აქვს განცხადების გაკეთების უფლება.

„მოდით, საკითხს შევხედოთ ასე – მე ბრალის დადგენილება რომ წავიკითხე და პოზიცია, იქ თქვით, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი – ასე ედავებით მას ბრალდებას. ბრალდების დადგენილების ციტირება მოვახდინე ამ შემთხვევაში. შესაბამისად, უნდა ისაუბროს, რადგან ჩვენ ამ წლების განმავლობაში დაუსწრებლად ვიხილავთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. ბევრი პროცესი გვაქვს ჩატარებული, ბევრი მოწმე გვყავს დაკითხული საათობით და ბევრი კითხვები გვაქვს მოსმენილი მხარეებს. ის პირველად წარდგა მართლმსაჯულების წინაშე საქართველოში, შესაბამისად, მას აქვს უფლება, განცხადების გაკეთების და ბრალთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირების. ამაში საათობრივ შეზღუდვას ვერ დავაწესებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში კანონი, როგორც ბრალდებულის სტატუსის მქონე პირს, აძლევს უფლებას, გამოთქვას აზრი და განცხადებისთვის რეგლამენტსაც ვერ დავაწესებთ. ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ნაკრები გამოდის, ბრალთან დაკავშირებით მისი პოზიციის. შესაბამისად შეგიძლიათ გააგრძელოთ“, – განაცხადა მოსამართლემ.

დატოვე კომენტარი