საქალაქო სასამართლოში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის ბრალდებით დაკავებულთა პროცესები იმართება
საქალაქო სასამართლოში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის ბრალდებით დაკავებულთა პროცესები იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის ბრალდებით დაკავებული კონსტანტინე მიქაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ ასევე 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა კახა მიქაიას, ბექა ქურხულს კი 8 დღით პატიმრობა მიესაჯა. აგრეთვე, სასამართლომ 14 დღით პატიმრობა შეუფარდა ბორის კუციას, ხოლო 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიუმრობა შეეფარდა ცირა ჟვანიას.

მანამდე აგრეთვე გაიმართა აქციის კიდევ ერთი მონაწილის, იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც 9-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული სხვა პირების პროცესები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შსს-ს მიერ ბოლო სამი დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა აქციის მონაწილეების მხრიდან კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.