საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი გაიმართა
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი გაიმართა, რა დროსაც დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.

ასევე, ნიკა მელიას ადვოკატებმა მელიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე რეაგირების მოთხოვნით, შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატები განმარტავენ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადებების გაკეთებისას მელიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვეოდა.

„ნიკა მელია არა მხოლოდ იდევნება პოლიტიკური თვალსაზრისით და ამისთვის ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულების ინსტრუმენტებს, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლები უხეშად არღვევენ მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას. ის დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სასამართლოს მოეხდინა რეაგირება ამ ფაქტებზე. დავასახელეთ რამდენიმე მაგალითი, მათ შორის იყო ირაკლი კობახიძის განცხადებები, სადაც მელიას მოიხსენიებს კრიმინალად და საუბრობს, თითქოს დანაშაული ჩაიდინა. სასამართლოს ასევე ვთხოვეთ, მიეღო სათანადო ზომები, რათა მომავალში აღარ მომხდარიყო ნიკა მელიას მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, თუმცა ამის პასუხად მივიღეთ, რომ შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ასევე, დაცვის მხარე წარდგა შესავალი სიტყვით. დაცვის მხარეს წარდგენილი აქვს წერილობით შესავალი სიტყვა და ჩვენი სტრატეგია ამ ეტაპზე იყო შესავალი სიტყვის საკმაოდ ლაკონიურად თქმა“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო და მიმდინარე საქმესთან კავშირი არ ჰქონდა.

„სასამართლო იხილავს სისხლის სამართლის საქმეს ნიკანორ მელიას მიმართ. დაცვის მხარემ უნდა დააყენოს შუამდგომლობა საქმესთან დაკავშირებით, რისი დადასტურება ან უარყოფა შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში ასეთი არ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება უდანაშაულობის პრეზუმფციას, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ არის ძალაში. ეს შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.

მელიას დაცვის მხარის შუამდგომლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი და აღნიშნავს, რომ მტკიცებულება სამართლებრივი შინაარსიდან არ გამომდინარეობდა.

„სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იყო შესავალი სიტყვა. შემდგომი სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, ხდება ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს დაახლოებით ასამდე მოწმე, რომლებიც ისაუბრებენ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა ნიკა მელიას მხრიდან სამართალდარღვევის და დანაშაულის განხორციელების მომენტისათვის.

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, მათ წარმოადგინეს კონკრეტული პოლიტიკოსების შეფასება, რომელიც რამდენადაც განცხადების შინაარსიდან მივხვდით, ეხებოდა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ პოლიტიკურ შეხედულებებს და მოსაზრებებს. განსახილველი საქმე ეხება ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის საქმეს და მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი, უნდა ეხებოდეს სისხლის სამართლის საქმის მნიშვნელოვან გარემოებებს. ის შეფასებები, რაც შეიძლება გაკეთდეს საჯარო სივრცეში, ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად. დღეს დაცვის მხარემ თავადვე განაცხადა, რომ ეს არ არის მტკიცებულება სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე. შესაბამისად, ლოგიკური იყო სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

მხარეებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ნებისმიერ სასამართლო სხდომათა დარბაზში განხილული უნდა იყოს ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება განსახილველ თემას. საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატები წარმოადგენენ ნიკა მელიას ინტერესებს და მათ კარგად იციან, თუ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვთ, რა ფორმით, სად და რა კატეგორიის სასამართლოში უნდა მოხდეს შუამდგომლობის დაყენება. დღეს რაზეც ისაუბრეს, სცილდება სისხლის სამართლის საქმეს. მათ თუ  მიაჩნიათ, რომ ბრალდებულის უფლებები დაირღვა, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გზები, რაც  დაცვის მხარეს ჩვენზე კარგად მოეხსენება“, – განაცხადა გულუაშვილმა.

ამასთან, პროკურორის ინფორმაცით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მომდევნო სასამართლო სხდომაზე მოხდება.

„მომდევნო სხდომაზე მოხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, წარმოდგენილი იქნებიან მოწმეები, რომლებიც ისაუბრებენ უშუალოდ იმ გარემოებებზე, რაზეც ეყრდნობა ბრალდების მხარე.

რაც შეეხება დაცვის მხარის შესავალ სიტყვას, ძალიან მოკლედ და ლაკონიურად იქნა წარმოდგენილი დაცვის მხარის მიერ, ორი სამი წინადადებით. შესავალი სიტყვა უნდა მიმოიხილავდეს დაცვის მხარის გარკვეულ მტკიცებულებებს და პოზიციას. ჩვენ მსგავსი არ მოგვისმენია. მათ განაცხადეს, რომ წინა მოსმენის დროს საქმის განხილვისას მოხდა ამ შესავალი სიტყვის წარმოთქმა, თუმცა კვალიფიციური ადვოკატები არიან და მოეხსენებათ, რომ შესავალი სიტყვა მოსამართლის წინაშე ზეპირი სახით უნდა იყოს წარმოდგენილი“, – აღნიშნა გულუაშვილმა.

მელიას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 21 მაისს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ნიკა მელია, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო, მოსამართლემ 13 აპრილს დარბაზიდან გააძევა.