საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა განახლდება
საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება. მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.

ზურაბ თოდუას განცხადებით, 61 მოწმიდან, რომლებიც აქამდე დაიკითხნენ, არც ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ არის და ვერ ადასტურებენ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას.

„სავარაუდოდ ორი-სამი მოწმე დაიკითხება დღევანდელ სასმართლო პროცესზე. ალბათ ისეთივე მოწმეები იქნებიან, როგორც დანარჩენი 61, რომელიც აქამდე დაიკითხა და პირდაპირ და ცალსახად შემიძლია, განვაცხადო, რომ დღემდე დაკითხული არც ერთი მოწმე არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ არის, ანუ არ ადასტურებენ არანაირ ინფორმაციას კალანდიას მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა.

ზურაბ თოდუას თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის სხდომებზე დაბრუნების თაობაზე მან საბოლოოდ მიიღო პასუხი, რომ სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეზე ინტერესი დაკარგა.

„სახალხო დამცველმა საბოლოოდ დამიფიქსირა გადაწყვეტილება რამდენიმე საჩივრისა და განცხადების შემდეგ, რომ მან დაკარგა ინტერესი ამ საქმის მიმართ. სავარაუდოდ ეს გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ ფაქტობრივად დაცვის სტრატეგიის შეცვლის შემდეგ, ის ფუნქცია, რაც უნდა შეესრულებინა სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ნება-სურვილის აღმსრულებელ ერთ-ერთ ორგანოს, ჩაეშალა და აქედან გამომდინარე, მას არ სურს, რომ ჩემი მონაწილეობით აფიქსიროს ის დარღვევები, რომელსაც ყოველდღიურად ვაფიქსირებ. ცალსახად ვაცხადებ, რომ უამრავი დარღვევა ფიქსირდება ყველა არასრულწლოვანი მოწმის მიმართ, რომლებიც ცალსახად უსვამენ ხაზს, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ადვოკატის განცხადებით, სხდომების არგასაჯაროება გენერალური პროკურატურის პირადი დაინტერესებაა, რათა გამოძიების ეტაპზე დაშვებული შეცდომების გამომზეურება არ მოხდეს.

„სხდომის დახურვა პირდაპირ ეწინააღმდეგება კალანდიას ინტერესებს. ეს არის პროკურატურის ინტერესი, რამეთუ პროკურატურას არ სურს, გამოამზეუროს ის დარღვევები, რასაც გამოძების ეტაპზე ჰქონდა ადგილი და რამაც ამდენი კითხვის ნიშანი გამოიწვია. პროკურატურის პირადი დაინტერესებაა, რომ ეს სხდომები არ იყოს საჯარო“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს.