საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაიმართა
საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, საქმის გამომძიებელი დაიკითხა.

მოწმემ პროცესზე განაცხადა, რომ მის მიერ ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის დაცვით ჩატარდა.

ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით კი დღეს დაკითხულმა მოწმემ ფაქტობრივად კიდევ ერთხელ დაადასტურა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ არა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, არამედ პოლიტიკური დაკვეთა შესრულდა.

„ამ გამომძიებელს თურმე არ შეუსრულებია ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც პირდაპირ იქნებოდა პასუხი ჩემს კითხვაზე, თუ ვინ დაჭრა გიორგი მენაბდე, რამეთუ გიორგი მენაბდის დაჭრაზე პასუხის გაცემის გარეშე ეს საქმე მუდმივად იქნება ბუნდოვანი. გიორგი მენაბდე სავარაუდოდ დიდ საფრთხეს უქმნიდა სარალიძეს.  იმისათვის, რომ ეს საფრთხე აეცილებინა, სარალიძის მეგობარმა მიმართა იმ ზომას, რა ზომაც იქნა გამოყენებული. მე მებადება ლოგიკური კითხვა, იგივე ძალამ, რომელმაც დაინახა, რომ გიორგი მენაბდის მოქმედება სარალიძეს საფრთხეს უქმნიდა, რატომ არ გამოიყენა იგივე ძალა მიხეილ კალანდიას მიმართ? გამოძიებას ამ მიმართულებით ხელი აქვს დაფარებული უამრავ მტკიცებულებაზე. გამომძიებელი არიდებდა თავს კითხვეზე პასუხს. ის ჯგუფის ფაქტობრივი უფროსი იყო და მაინტერესებდა,  რატომ არ ჩაატარა რაიმე საგამოძიებო მოქმედება იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც მისცა გუგა ბარბაქაძემ. ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი გამოძიებას არ გადაუდგამს“ ,- განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ჯარჯი მეგრელიშვილი ამბობს, რომ მოწმის პასუხები სრულად დამაკმაყოფილებელი იყო.

„დღეს დაიკითხა გამომძიებელი, რომელსაც ათეულობით საგამოძიებო მოქმედება ჰქონდა ჩატარებული ამ სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმეს დაესვა კითხვები ბრალდების და დაცვის მხარის მხრიდან. მან განმარტა, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის დაცვით, მის მიერ შედგენილი საგამოძიებო ოქმები ავთენტურია. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს მონაწილე პირების უფლებები იყო სრულად დაცული.მე მივიჩნევ, რომ მოწმის პასუხები აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო“ ,- აღნიშნა პროკურორმა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.