თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება. პროკურორს სასამართლოში სამი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე, დანარჩენი ორი კი გამომძიებლები არიან, ლევან ზაკალაშვილი და პაპუნა კერესელიძე.

თეიმურაზ წიქვაძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმებაზე. კერძოდ, საქმე ეხება ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგს.

„ეს განხორციელდა 2015 წელს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი მივიდა ჩემს მარწმუნებელთან. საბოლოო ჯამში, იმ პირობებში, როდესაც კრედიტი არ ჰქონდა დამტკიცებული და ჰქონდა პრობლემები გარიგების დადებასთან დაკავშირებით, სთხოვა ჩემს მარწმუნებელს, ინვესტიცია ჩაედო და შეევსო ე.წ. კონტრაქტის თანხა. ეს გარემოებები საქმეში არსებული არაერთი პირდაპირი მტკიცებულებით დასტურდება. დასტურდება, რომ საინვესტიციო თანხა ჩემმა მარწმუნებელმა გამოყო თავის ბენეფიციარულ საკუთრებაში არსებული ბანკის მეშვეობით და გაიცა საბანკო კრედიტის თანხა; დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის უზრუნველყოფა ჩემმა მარწმუნებელმა თავისი პირადი ფულადი სახსრებით განახორციელა; დასტურდება ის გარემოება, რომ ჩემი მარწმუნებელი იყო ერთადერთი პირი, ვინც აღნიშნულ ინვესტიციაზე აიღო რაიმე რისკი; ასევე დასტურდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული გარიგების განხორციელების დროს სახელშეკრულებო თანხა სრულად არ ჰქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა და უთხრა, რომ პრობლემები შეექმნა ბიტკოინის ფასს. ამიტომ ურჩია ჩემს მარწმუნებელს, მყისიერი რეალიზაცია განეხორციელებინა, თუმცა რამდენი ბიტკოინი დარჩა კრედიტის გადაფარვის, ვალდებულებების გადაფარვის შემდეგ, ეს ჩვენთვის ახლაც უცნობია”, – განაცხადა წიქვაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. გიორგი ბაჩიაშვილმა 2017 წლის ოქტომბერში ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.