საქალაქო სასამართლოში გია ბარამიძე დაიკითხა
საქალაქო სასამართლოში გია ბარამიძე დაიკითხა

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე დაიკითხა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა გია ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცუდია, რომ მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, სხდომას დასწრებოდნენ.

„კითხვები ეხებოდა ე.წ. გავრილოვის ღამეს და იმ მოვლენებს, რაც წინ უძღვოდა ამ სისხლიან ღამეს. როგორ ჩამოვიდა და რატომ ჩამოიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა გავრილოვი საქართველოში, მიუხედავად ოპოზიციისა და საზოგადოების გაფრთხილებისა, რატომ მიიყვანეს ფიანდაზად დაგებული პრეზიდენტის სასახლეში, მიუხედავად იქ გამართული პროტესტისა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების მხრიდან. მეორე დღეს რატომ მიიყვანეს პარლამენტში, რატომ შეიყვანეს სხდომათა დარბაზში და რატომ აღმოჩდა საქართველოს მტერი, პუტინის მეტასტაზი და ემისარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ამის შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები, რატომ შეიკრიბა ხალხი, რომელიც აღშფოთებული იყო ამ მოვლენებით, რამ გამოიწვია შეხლა-შემოხლა პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია და გიგი უგულავა იყვნენ წასულები, ელოდებოდნენ შეხვედრას, რატომღაც გაუგებარი მიზეზის გამო, პოლიციამ ე.წ. რობოკოპებმა დაიწყეს ცრემლსადენი გაზის ჭურვების სროლა მომიტინგეებზე.

„ამ მომენტიდან ხდება პროვოცირება შეხლა-შემოხლის, ასევე გარკვეული ჯგუფი იყო იქ 15-20 ახალგაზრდის, რომლებიც მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგებოდნენ. რაღაც მომენტში როცა უკვე პოლიციამ დაიწყო ცრემლსადენი გაზის სროლა, უცებ გარკვეული რაოდენობა ამ ჯგუფისა აღმოჩდნენ წინა რიგებში, რომლებმაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა დაიწყეს. ეს არის მნიშვნელოვანი საკვანძო მომენტი. არავის და მათ შორის არც ნიკა მელიას არ მოუწოდებია ხალხისთვის არანაირი ძალადობრივი ქმედების განხორციელება, პირიქით მელიას სიტყვები ყველას გვაქვს მოსმენილი როგორ ამბობს ნიკა მელია ხელებაწეული და მშვიდობიანად შევიდეთ პარლამენტის ეზოშიო. პარლამენტის ეზოში შესვლა მოხდებოდა თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ნიკა მელიას მხრიდან მოწოდება რომ მშვიდობიანი იყო და ხელებაწეული იყო ამას უკვე წყალი არ გაუვა“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს მძიმე მდგომარეობაშია და აბსურდია სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი.