საქალაქო სასამართლოში აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ 
საქალაქო სასამართლოში აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ 

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ოთხი პირის საქმეზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად, პროკურატურას მოწმე სამართალდამცველების და აქციის სხვა მონაწილეების ჩვენებები აქვს, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დაწყებამდე, სადაც ოთხი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ, საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა განაცხადა.

ბრალდების მხარე სხდომაზე ყველა დაკავებულისთვის პატიმრობის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.

„ბრალდებულებს ბრალად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან სდევდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა და წინააღმდეგობა. ბრალდების მხარემ გამოძიების ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ბრალდებულებისთვის ერთადერთი უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება გახლავთ პატიმრობა, რომელიც უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება. ეს გახლავთ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ასევე ექსპერტის დასკვნები. მოწმეთა შორის არიან როგორც სამართალდამცავები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებმაც გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია”, – განაცხადა მუკბანიანმა.

თავის მხრივ, ბრალდებულების ადვოკატები არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდებაზე აპირებენ შუამდგომლობების დაყენებას, თუმცა სხდომის დაწყებამდე მხოლოდ ის თქვეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

რაც შეეხება შუამდგომლობის სახეს, ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, რას მოითხოვს სხდომაზე.