საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი დაიწყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც ესწრება
საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი დაიწყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

საქმეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით, მაია ქოქიაშვილი, ნინო ელიეშვილი, ლიანა ორკოდაშვილი.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ყველა მედიასაშუალებას მიეცეს სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობა. ამასთან, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სასამართლო სხდომის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ტრანსლირებას ახორციელებდა, რის შესახებ მოსამართლისგან გაფრთხილება მიიღო და ტრანსლირება შეწყვიტა.

სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე – ხატია დეკანოიძე და ეკა ხერხეულიძე.

სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.