საქალაქო სასამართლოში 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ბრალდებულ პირთა პროცესები მიმდინარეობს.

მოსამართლემ აქციის ერთ-ერთი მონაწილე საბა ხომერიკი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას რვადღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ასევე, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ნინო სვანიძესთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამისა, ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა ლარა ნაჭყებიას, ხოლო ექვსდღიანი პატიმრობა – გიორგი ყიასაშვილს.

ამავდროულად, სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული გელა გამყრელიძე. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახტანგ მაჭავარიანის საქმე კი ცალკე წარმოებად გამოიყო და მაჭავარიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს, მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ჟურნალისტ ვახო სანაიას სასამართლო პროცესი.

შსს-ში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შსს-ს განცხადებით, აგრეთვე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.

უწყების ცნობით, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ნაწილის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.