საქალაქო სასამართლომ ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი ინსპექტორები დამნაშავედ ცნო
საქალაქო სასამართლომ ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი ინსპექტორები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი ინსპექტორები დამნაშავედ ცნო.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, თემურ ვ.-სა და ვახტანგ ს.-ს, ბრალად ედებოდათ პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული პირის მიმართ.

„საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებს, რომლებსაც ეკავათ შსს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის (განყოფილება) ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ინსპექტორისა და უმცროსი ინსპექტორის პოზიციები, 2011 წელს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირებს ამცირებდნენ და ყოველდღიურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ბრალად შერაცხული ქმედება, შესაბამისად მტკიცებულებები უდავოდ ცნეს.

სასამართლომ, დაკავებულთა სისტემატიური ცემის, იძულებითი შრომის, დამცირებისა და შეურაცხყოფისათვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათვე, 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება და დაეკისრათ ჯარიმა 2000-2000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია თბილლისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.