საქალაქო სასამართლო „ტვ პირველის“ ტელეწამყვანის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს
საქალაქო სასამართლო „ტვ პირველის“ ტელეწამყვანის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლო „ტვ პირველისა“ და „ტვ პირველის“ ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს.

როგორც კახა კალაძის წარმომადგენელმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგებიან და დღესვე აპირებენ მტკიცებულებების გამოკვლევას. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმის მცირე მოცულობიდან გამომდინარე განხილვა დღესვე დასრულდეს.

კალაძე „ტვ პირველს“ და მამულაშვილს 5 ივლისის სატელევიზიო ეთერში გავრცელებული ინფორმაციის გამო უჩივის, სადაც მაია მამულაშვილმა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა. ადვოკატის თქმით, მამულაშვილმა ეთერში წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. კალაძე საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვს.