საქალაქო სასამართლო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმეზე იმსჯელებს
საქალაქო სასამართლო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმეზე იმსჯელებს

საქალაქო სასამართლო დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმეზე იმსჯელებს. სასწავლებლის ადვოკატი იმედოვნებს, რომ შემოსავლების სამსახური სარჩელს უკან გაითხოვს, რადგანაც დავალიანება, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა დაედო, ადვოკატის თქმით, დაფარულია.

„ჩვენ გვაქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა უნდა მოეხსნას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკვე გადაიხადა ბიუჯეტში ის დავალიანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა ადევს მის ქონებას, შესაბამისად აღარ არსებობს არანაირი იურიდიული საფუძველი სასამართლოში ამ დავის წარმოების. შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ ჩამოეყალიბებინა პოზიცია, აპირებს თუ არა თვითონვე გაითხოვოს სარჩელი სასამართლოდან“,- განაცხადა უნივერსიტეტის ადვოკატმა.

მარიამ ჩიქოვანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური სამართალწარმოებას არ შეაჩერებს, ამ შუამდგომლობით სასამართლოს თავად შავი ზღვის უნივერსიტეტი მიმართავს.

„თუ უკან გაითხოვს სარჩელს შემოსავლების სამსახური, სამართალწარმოება შეწყდება და ყადაღაც დაუყოვნებლივ აიხსნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით“,- განმარტა მარიამ ჩიქოვანმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე დაედო. სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანების გამო, ავტორიზაციის ეროვნულმა საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღება 20 აგვისტოს შეუზღუდა. შეზღუდვის დაწესების შემდეგ, უნივერსიტეტმა დავალიანება, 715 ათასი ლარი გადაიხადა. დავალიანების განულების შემდეგ, სასწავლებელი ყადაღის ახსნასა და დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს.

საქმეზე პირველი სხდომა საქალაქო სასამართლოში 8 ოქტომბერს გაიმართა და საკითხის განხილვა ორი კვირით, შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.