საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ დაკავებული წევრების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს
საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ დაკავებული წევრების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული „ქართული მარშის“ წევრების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სწორედ დღევანდელ პროცესზე გახდება ცნობილი, მოხდება თუ არა ბრალდებულების გათავისუფლება.

დაცვის მხარეს იმედი აქვს, რომ დღევანდელ პროცესზე მათი შუამდგომლობა დაკმაყოფილდება და ბრალდებულები გათავისუფლდებიან.

„დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით. სწორედ დღეს გადაწყდება კონკრეტული ბრალდებულები დარჩებიან თუ არა წინასწარ პატიმრობაში. დაცვის მხარე ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ბრალდებულები არ დარჩებიან პატიმრობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ამოწურულია ყველა საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 80-მდე პირი. ბრალდების მხარე რაზეც საუბრობდა და აპელირებდა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ეს საფრთხე დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა განთავისუფლდნენ დაკავებულები“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი სიმონიშვილმა.

დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, „ქართული მარშის“ წევრები უკვე მესამე დღეა შიმშილობენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გია კორკოტაშვილი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ პროცესზე მათი თანაგუნდელების გათავისუფლება არ მოხდება, მოშიმშილეები კვლავ გააგრძელებ პროტესტს.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.