საქალაქო სასამართლო „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურ მალხაზ პაქსაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
საქალაქო სასამართლო „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურ მალხაზ პაქსაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, მალხაზ პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, პროკურატურამ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

„სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა ერთი პირი, რომელიც გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ და სირიის ტერიტორიაზე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მომზადებაში. მისი დაკავება მოხდა სასამართლოს გამჩინების საფუძველზე და ბრალდების მხარემ უკვე მიმართა შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენებაზე. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში და მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში. მტკიცებულებებში არის მათ შორის ვიდეომასალა. საქმე არის გრიფით საიდუმლო და ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებთ. რამდენიმე წლის წინ მან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი და მას შემდეგ, რაც მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა, რომ გამოცემულიყო განჩინება მისი დაკავების შესახებ“, – განაცხადა მაია სილაგაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.