საპროტესტო გამოსვლების გამო, საფრანგეთში ჟან-კლოდ იუნკერის ვიზიტი გადაიდო
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლების გამო, ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვით გამოსვლა გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.
ჟან-კლოდ იუნკერი პარიზში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც ის საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო, შემდეგ კი, ფრანგ დეპუტატებთან დებატებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. ევროკომისიის პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, რიშან ფერანთან და სამუშაო სადილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა სამუშაო სადილი. საფრანგეთის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუნკერის ვიზიტი გადაიდო, რადგან სესიის დღის წესრიგში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან და არეულობასთან დაკავშირებული საკითხები მოხვდა.
შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს პარიზში გამართული საპროტესტო გამოსვლა არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 400-ზე მეტი კი, დააკავეს.