საპროტესტო აქციებისას გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

18:17, 09.05.2026

საპროტესტო აქციებისას გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ აღნიშნა, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და გამოძიება გრძელდება.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დანაშაულის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის ეპიზოდებზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. ამით საქმე არ მთავრდება, ორივე შემთხვევაში უდიდესი საქმე იქნა გაწეული და სწორედ ამის შედეგია, რომ ხუთი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, თუმცა გამოძიება ამ ეტაპზეც გრძელდება. ამ სასამართლო სხდომაზე სამივე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა“, – განაცხადა გიორგი ნადირაძემ.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ზვიად მაისაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებმა მას ბოდიში მოუხადეს.

„ორივე მათგანმა აღიარა თავისი დანაშაული, ასევე მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ. არასდროს არ მქონია ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღის ან შურისძიების განცდა. ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა“, – აღნიშნა მაისაშვილმა.

მსგავსი