საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე საქმის მთავარი გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი დაიკითხა
საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის საქმის მთავარი გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი აცხადებს, რომ „ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის“.
მისი განმარტებით, ორგანიზება ბრალდებულების მობილური ტელეფონიდან უნდა დადგინდეს, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, გაგზავნამდე კი მობილური ტელეფონები თავად არ დაუთვალიერებია.
როგორც მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა გამომძიებელმა, არსენ ხუნაშვილმა განაცხადა, ის მხოლოდ ვიდეოების დათვალიერებით იყო დაკავებული.
სასამართლო პროცესზე მან უპასუხა ადვოკატების შეკითხვებს, მათ შორის გიორგი ტერიშვილის ადვოკატს. ირაკლი ჩომახაშვილის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა,რომ ტერიშვილის ტელეფონი ამოღებულია, თუმცა ტერიშვილის ტელეფონში შემავალი/გამავალი ზარების ამონაწერი ანძებიდან არ გამოუთხოვია.
მოწმეს კიდევ ერთი ბრალდებულის, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ დაუსვა შეკითხვა – აქვს, თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ვალერი თეთრაშვილის კავშირს ორგანიზატორებთან?
მოწმის თქმით, ეს ტელეფონის ექსპერტიზით უნდა დადგინდეს.
„ეს შეიძლება, დადგინდეს, ისევ და ისევ, ტელეფონის ექსპერტიზით. ვალერი თეთრაშვილის პირდაპირი კავშირი ორგანიზატორთან, ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის“, – განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.
არსენ ხუნაშვილმა ასევე აღნიშნა: „არის ვიდეოები, სადაც რამდენიმე პირი ერთად ჩანს, შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი, ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს“.
ცნობისთვის, პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.