პროტესტის 128-ე დღე ჭიათურაში. ექვსი მაღაროელი, უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს. მათგან სამს პირი აქვს ამოკერილი. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორი მომიტინგე მშრალ შიმშილზე იმყოფება, მათგან ტარიელ მიქაცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ის ექიმების დახმარებაზე უარს ამბობს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებაა. ასევე, პროტესტის მონაწილეები ფეისბუქპოსტის მეშვეობით საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავენ, შეხვედრას სთხოვენ და განმარტავენ, რომ ჭიათურაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.