საპროკურორო საბჭოს წევრი - მთავარი პროკურორობის ორივე კანდიდატის ხედვა საინტერესო იყო
სამწუხარო და დასანანია, რომ საპროკურორო საბჭოს ორ კანდიდატს შორის მოუწია არჩევანის გაკეთება, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს პროკურორმა წევრმა, ნანა ხუნჯუამ განაცხადა.
„სურვილი გვქონდა მოგვესმინა შალვა შავგულიძისთვის, თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა და ჩვენ არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოგვიწია. ორივე მათგანის ხედვა იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი. საბოლოოდ, უპირატესობა მე იმ კანდიდატს მივანიჭე, რომელსაც არსებული გამოწვევების გადასალახად რეალისტური გეგმები ჰქონდა“, – განაცხადა ხუნჯუამ.
მისი თქმით, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიმდინარე პროცესი ღია და გამჭვირვალეა, გაკეთდა კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერები, რომელიც გამოქვეყნდება.
საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე შეარჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, კენჭისყრის შედეგად მიიღეს. თადუმაძის კანდიდატურას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა, არც ერთის წინააღმდეგ.