საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა

საპროკურორო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე განკარგულებით საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დაადგინა და კანიდატებად წარდგენილი პირების დოკუმენტაცია შეისწავლა. საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. გასაუბრების პროცესი „ლაივსტრიმით“ გადაიცემა.

გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პირს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე შეისწავლა კანდიდატებად წარდგენილი პირების დოკუმენტები. შესწავლის შედეგად დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის გამო, ორ პირს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო ერთმა პირმა პირადი განცხადებით მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს.