საპროკურორო საბჭო დღეს ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენს
საპროკურორო საბჭო დღეს ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენს

საპროკურორო საბჭოს წევრები დღეს გასაუბრებას გენერალური პროკურორობის კიდევ ორ კანდიდატთან ჩაატარებენ. საპროკურორო საბჭო ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, ასევე გელა ჩივაძეს მოუსმენს.

საპროკურორო საბჭოს სხდომას დღეს ოპოზიციაც დაესწრება. ოპოზიციის წევრებს კითხვები ირაკლი შოთაძესთან ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით და პოლიტიკურ დევნაზე აქვთ.

„ირაკლი შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი თუ ვინმე სხვა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კონტროლის პირობებში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა საზოგადოების დაცინვაა, როდესაც ივანიშვილი მას აბრუნებს ამ თანამდებობაზე. ხორავას საქმეზე განცდილი კრახის შემდეგ, შოთაძეს ისევ აქვს პრეტენზია, გახდეს გენერალური პროკურორი. ამ საკითხებს შევეხებით. ამის გარდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ივანიშვილის მხრიდან პროკურატურის გამოყენება, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების და ოპონენტების დევნის ინსტრუმენტის. ბატონი შოთაძეც გახლავთ ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ასრულებდა ამ დავალებებს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

პროკურორობის კანდიდატებს კითხვებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც დაუსვამს. ანრი ოხანაშვილს კანდიდატებთან კითხვები სამართლის აღდგენის კუთხით მათ ხედვაზე ექნება.

„ჩვენ მოვუსმენთ კიდევ ორ კანდიდატს. შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგება ორი კანდიდატი და მათ შორის, ბატონი ირაკლი შოთაძე. რა თქმა უნდა, შეკითხვები აქვს საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს. მეც დავსვამ ყველა იმ შეკითხვას, რომელ შეკითხვასაც ტრადიციულად ვუსვამ ხოლმე თითოეულ კანდიდატს, თუ როგორი ხედვა აქვს, როგორ წარმოუდგენია სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ასევე, სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით იქნება ეს შეკითხვები, რომლებზეც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული პასუხის მიღება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა. მან პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება გასაუბრებაზე დაბარებულ კიდევ ერთ კანდიდატს, გელა ჩივაძეს, ის საქართველოს გენერალური პროკურორის აპარატის უფროსი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. გელა ჩივაძე დღემდე სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით.

საპროკურორო საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრება გასულ კვირას დაიწყეს და უკვე 12 კანდიდატს მოუსმინეს. კონკურსში ამ დროისათვის 15 კანდიდატი მონაწილეობს, ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.