საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა, რომელშიც ოპოზიციიდან სამი დეპუტატი შევიდა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა, რომელშიც ოპოზიციიდან სამი დეპუტატი შევიდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა. კომიტეტმა 83 დეპუტატის ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინა.

ამავდროულად, კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა. კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციიდან სამი დეპუტატი შევიდა.

კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა ასეთია:

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;

რატი იონათამაშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

გივი მიქანაძე – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

დავით მათიკაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

სალომე ქურასბედიანი – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

სოზარ სუბარი – საპარლამენტო ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე;

ფრიდონ ინჯია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე;

ალექსანდრე ელისაშვილი – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე;

შალვა კერესელიძე – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსათვის“ წევრი;

ნინო შავგულიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.