საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის ექვს წევრამდე გაზრდას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის ექვს წევრამდე გაზრდას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაზარდა. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, კომისიაში ოთხის ნაცვლად ექვსი წევრი იქნება.

„მოგეხსენებათ, რომ ოთხი წევრისგან იყო განსაზღვრული ეს კომისია. ფრაქციის შექმნამ კორექტივების შეტანის აუცილებლობა გამოიწვია და არის ასეთი მოსაზრება, რომ შემადგენლობა გაიზარდოს ექვს წევრამდე. აქედან უმრავლესობას ეყოლება სამი წევრი, ოპოზიციას ეყოლება სამი წევრი. ორი მათგანი უფრაქციო პარლამენტის წევრი იქნება და ერთი ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი.

როგორც კანონით არის მოთხოვნილი, საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია სულ მცირე ნახევარით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი და ეს პრინციპი ბუნებრივია, აქ არის დაცული“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

საკითხს კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს.