ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ოპოზიციონერი დეპუტატის ნონა მამულაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კომიტეტმა რეგლამენტში მოცემული რეგულაციების მიხედვით განიხილა საკითხი.

„როგორც მოგეხსენებათ, ნონა მამულაშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კონსტიტუციისა და რეგლამენტში მოცემული რეგულაციების მიხედვით განიხილა ეს საკითხი. ვფიქრობ, მისი ნება არის ეს და გამომდინარე აქედან, ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, უნდა დავეთანხმოთ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამასთან დაკავშირებით დასკვნა არის მომზადებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნონა მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება 3 ნოემბერს გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გიორგი ხვედელიანისა და ბექა ყორშიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ ინოვაციურ პლატფორმა „გამზირს“ უერთდება.