საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი დაამტკიცა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი დაამტკიცა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი განიხილა და დაამტკიცა.

„როგორც იცით, უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრს, ნიკანორ მელიას, რეგლამენტის შესაბამისად. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოვიდა დოკუმენტაცია ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის, როგორც უფლებამონაცვლის ცნობის თაობაზე. არსებობს ცესკო-ს განკარგულება, შესაბამისი დოკუმენტები, რაც არის იმის საფუძველი, რომ კომიტეტმა უფლებამოსილების ცნობის გადაწყვეტილება მიიღოს. შემდგომ თქვენ იცით, რომ რეგლამენტის შესაბამისად, ეს გადაეგზავნება ბიუროს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი შესაბამისი დადგენილებით“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

კენჭისყრისას თავი შეიკავა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ორმა წევრმა – ენძელა მაჭავარიანმა და კარლო კოპალიანმა.

პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. საკითხს მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გახდა.