საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა განაცხადა, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის შესწავლის შედეგად კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 89 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა დაადგინა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების საშუალებას იძლევა.
ალადაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელი ეხება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებას.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები. მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში – 2026 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, პარლამენტის არცერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, არცერთ ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე, სავალდებულო წესით, თანამდებობის პირის დასწრება.
მისი თქმით, შესწავლილ პერიოდში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არცერთ თანამდებობის პირს არ მიუმართავს პარლამენტის კომიტეტისთვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი ცნობად მიიღო.
როგორც აკაკი ალადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები პარლამენტის ბიუროს წარედგინება. აგრეთვე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
ცნობისთვის, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.