საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მომავალ კვირას იმსჯელებს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მომავალ კვირას იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მომავალ კვირას იმსჯელებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, საკითხის განხილვის მიზნით, კომიტეტის სხდომა იქნება ჩანიშნული. მისი თქმით, საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად 14-18 თებერვლის კვირაში გავა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს სამი ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილებაზე გუშინ უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა გადაიდო, მიზეზად კომიტეტის წევრთა კოვიდკონტაქტი დასახელდა.

ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილებაზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.