საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარტია „მოქალაქეების“ ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორი დეპუტატიც შეძლებს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარტია „მოქალაქეების“ ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორი დეპუტატიც შეძლებს

პარტია „მოქალაქეებმა“ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორი დეპუტატიც შეძლებს. ინიციატივას დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

საუბარია სპეციალურად მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოფიქრებულ სტრუქტურულ ერთეულზე – ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფზე, რომლის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ოთხ დეპუტატს გააჩნია.

„იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ჯგუფები ოთხიდან ორამდე რომ დაიწიოს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი და ლოგიკური, რადგან თუ ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდეთ წარმომადგენლობა და ერქვათ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, მაშინ რატომ არ ვართ პოლიტიკური ჯგუფი ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ ორი წევრი, რომლებიც ვართ პარლამენტის წევრები. თუ ოთხკაციან ჯგუფს აქვს მაინდამაინც უფლება, რომ პოლიტიკური ჯგუფი ერქვას, მაშინ ორკაციან ჯგუფს რატომ არ აქვს. ჩვენს ზურგს უკან ხომ კონკრეტული პარტია დგას და კონკრეტული ამომრჩეველი, რომელმაც ჩვენს პარტიას მისცა ხმა“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცეს საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თუ ოპოზიციის პოზიცია ერთიანი იქნება, „ქართული ოცნება“ მზად არის, ყველა ოპოზიციურ პარტიას მისცეს საშუალება, სრულფასოვნად იმუშაოს პარლამენტში.

„პოლიტიკური სურათი საქართველოს პარლამენტში, განსაკუთრებით ოპოზიციის კუთხით, იყო ძალიან მრავალფეროვანი. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი პარტია იყო, რომელსაც შეეძლო ფრაქციის შექმნა. ძალიან ბევრი პარტია მოხვდა პარლამენტში, რომლებსაც ფრაქციის შექმნის საშუალება არ ჰქონდათ. იმისათვის, რომ ჩვენ მიგვეცა საშუალება, ფრაქციები შექმნილიყო და შედარებით მცირე ჯგუფებს პარლამენტში ცხოვრება სრულყოფილად წარემართათ, შემოვიტანეთ ფრაქციის შექმნის წესში გარკვეული ცვლილებებთან ერთად, რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. ავიღეთ ოთხკაციანი ციფრი, ეს რაღაც ჯგუფურობის ელემენტი რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელზეც ეს არითმეტიკა არ გავრცელდა, გამოხატეს სურვილი. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ ოპოზიცია ამ კუთხით იქნება ერთიანი, შიდა კრიტიკით არ დაკავდებიან და მათი პოზიცია იქნება ერთიანი, „ქართული ოცნება“ მზად ვართ, რომ არ დავტოვოთ არც ერთი ოპოზიციური ჯგუფი, რომელსაც რაიმე ნაკლოვანება დარჩება და ყველას მივცეთ საშუალება, რომ სრულფასოვნად იმუშაოს პარლამენტში. ამიტომ ამ მხრივ ჩვენ ვერ ვხედავთ პრინციპულ წინააღმდეგობას და სწორედ ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე მივდივართ რეგლამენტში ასეთი ცვლილებებზე. ჩვენ დღეს კომიტეტზე გვექნება ამ საკითხის განხილვა. კომიტეტი თუ მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს, მერე უკვე ოთხშაბათს და ხუთშაბათს მოხდება ამ კანონპროექტის სესიაზე გატანა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.