საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტის პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტის პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

პროექტი, რომელიც მთავრობასთან მიმართებით პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას ითვალისწინებს, ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით მოიცავს.  ცვლილებების თანახმად, მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ როგორც პლენარულ, ასევე საკომიტეტო მოსმენებში. მათი დაბარება კი პარლამენტში არამხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზეც იქნება შესაძლებელი. ასევე, რეგლამენტის პროექტით პარლამენტი თბილისში ბრუნდება.

„ცვლილებით პარლამენტი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანო, კიდევ უფრო ძლიერდება. ჩნდება რიგი მექანიზმები, რომელიც დღესაც არსებობს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დაიხვეწა. ამ ცვლილებების შედეგად, მინისტრების საქმიანობა საპარლამენტო საქმიანობაში მიიღებს უფრო ხშირ ხასიათს, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს შეეხება როგორც კომიტეტის სხდომებს, ასევე პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მონაწილეობას პლენარულ სხდომაზე განხილვაში. პრემიერ-მინისტრი წარდგება ყოველ წელს პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით. თუ აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ წერილობითი ფორმით, ახლა უშუალოდ წარდგება პრემიერი პარლამენტის წინაშე და შემდგომ მოჰყვება დებატები. უფრო ხშირი იქნება კომიტეტების საქმიანობაში მინისტრების მონაწილეობა და თუ აქამდე კომიტეტის სხდომაზე მინისტრების მოწვევა იყო უმრავლესობის გადასაწყვეტი, ეს უფლება ამჯერად გაუჩნდება ოპოზიციას, ანუ ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, მოიწვიონ მინისტრები კომიტეტის სხდომაზე“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

რეგლამენტის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. მისი თქმით, დოკუმენტს ოთხშაბათს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

„ეს დოკუმენტი არის პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. კონსტიტუციის შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი, რადგან სწორედ ამ კანონით განისაზღვრება, რა არის პარლამენტის ძალაუფლება, როგორ ახორციელებს ის თავის უფლებამოსილებას და როგორ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი დოკუმენტია და პარლამენტის მუშაობას გახდის უფრო დინამიურს, პარლამენტს მოსახლეობისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხების მიმღებ და პასუხების გამცემ ორგანოდ აქცევს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

მოსალოდნელ ცვლილებებს კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია და პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

„ჩემთვის და ჩემი ბევრი მეგობრისთვის ალბათ მიუღებელია ის, რომ ქუთაისი აღარ რჩება საპარლამენტო და პოლიტიკურ ცენტრად საქართველოსთვის. ადრეც მითქვამს და ყოველთვის გავიმეორებ, რომ ეს ძალიან სერიოზულ დაღს დაასვამს ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა არც განათლების ცენტრად ყალიბდება და არც უნივერსიტეტი აშენებულა, როგორც დაპირება იყო. არის სხვა საკითხები, რაც ეხება ასევე მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს, განსაკუთრებით მინისტრების მოსვლას. ერთი მხრივ, თითქოს ვალდებულება არის, რომ ყოველთვის, საჭიროების შემთხვევაში, მოვიდნენ მინისტრები, მაგრამ იხსნება ვალდებულება, რომ ისინი ფრაქციებზე მოვიდნენ. პოლიტიკური ჯგუფები ამ ჩანაწერით მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას, მინისტრებს პირდაპირ დაუსვან კითხვები, ესაუბრონ მათ, რაც არ მგონია, რომ საპარლამენტო ზედამხედველობას გააძლიერებს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა.

პროექტის ავტორთა თქმით, რეგლამენტში ცვლილებების განხორციელება კონსტიტუციურმა ცვლილებებმა განაპირობა. ახალი კონსტიტუციური ნორმები და შეცვლილი რეგლამენტი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღიდან ამოქმედდება.