საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი  „„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი, ზოგადი პრინციპების დონეზე, ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, „კონკურენციის შესახებ“ კანონი ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვით არის მიღებული, 2020 წელს განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად კი მასში მთელი რიგი სისტემური ხარვეზები დაიხვეწა.

„მიუხედავად 2020 წელს განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებებისა, სააგენტოს მანდატის პრაქტიკაში განხორციელებისას რამდენიმე საკითხი წარმოიშვა, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებას და დაზუსტებას საჭიროებს. 2022 წელს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონის ამოქმედებით გაფართოვდა სააგენტოს მანდატი და მისი უფლებამოსილებების ქვეშ მოექცა  მომხმარებელთა უფლებების დაცვა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოების ცნობიერების უფრო მეტად ამაღლებისთვის მიზანშეწონილია სააგენტოს დასახელებაში აისახოს ეს ფუნქცია და ჩამოყალიბდეს შემდეგი დასახელებით – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის პირველი იანვარი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნა წარმოადგინა და განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებების გათვალისწინებით, საჭიროა, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს პარლამენტის რეგლამენტში.

კომიტეტმა „„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.