წყნეთის სამთავრობო აგარაკები აუქციონზე გაიყიდება
წყნეთის სამთავრობო აგარაკები აუქციონზე გაიყიდება

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, საპრივატიზებო ნუსხას წყნეთის აგარაკები უახლოეს დღეებში დაემატება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამჟამად დაახლოებით 117 ობიექტის პრივატიზებაზე არის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაცია და უახლოეს დღეებში, ჩამონათვალს წყნეთის სამთავრობო აგარაკებიც დაემატება.

„დღეს შეთავაზება გავაკეთეთ არა მაინცდამაინც მსხვილი ბიზნესისთვის,  არამედ, პირველ რიგში, მცირე ბიზნესისთვის, მაგალითად, მცირე ფერმერული მეურნეობა, რომელიც რეგიონში დაასაქმებს 10 ან 20 ადამიანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მსხვილ ობიექტებსაც იხილავთ საპრივატიზებო სიაში, მაგალითად, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო. ეს მუდმივად შევსებადი სია იქნება. წყნეთის აგარაკები უახლოეს დღეებში იქნება ატვირთული, იქ შეფასების პროცესს ვასრულებთ, რომ წინასწარვე ყველაფერი მზად იყოს. ბიზნესს ვთხოვთ, მიიღოს მონაწილეობა, შეიძინოს და ააშენოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დღეს ბიზნესს 100-ზე მეტი საპრივატიზაციო ობიექტი წარუდგინა. პრივატიზებისთვის განკუთვნილი ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზაციო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.