საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქუთაისის საარჩევნო ოლქშია, ყველაზე ნაკლები - ყაზბეგში
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 73 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანია გახსნილი.
ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქი ქუთაისია, სადაც 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რეგიონებში ასევე დიდი ოლქებია ბათუმი (143 372 ამომრჩეველი) და ზუგდიდი – 120 616 ამომრჩეველი. დედაქალაქის 10 ოლქიდან ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობაა გლდანში – 144 644, სამგორში – 145 021 და ნაძალადევი – 135 214. თბილისში ყველაზე ნაკლები ამომრჩეველი კრწანისშია – 43 127, ქვეყნის მასშტაბით კი ყველაზე პატარა საარჩევნო ოლქია ყაზბეგი, 5 417 ამომრჩევლით.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულია 3 504 082 და საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი.
საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ამომრჩეველი არჩევანს 25 კანდიდატს შორის გააკეთებს.