საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კახა კუკავა რიგგარეშე არჩევნებზე რეფერენდუმის დანიშვნას აპირებს
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კახა კუკავა რიგგარეშე არჩევნებზე რეფერენდუმის დანიშვნას აპირებს

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კახა კუკავა რეფერენდუმის დანიშვნას აპირებს. რეფერენდუმზე დასმული იქნება კითხვა „გსურთ თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება”,-ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ საზოგადოება მხარს დაუჭერს რეფერენდუმს, ქართული პოლიტიკური სისტემის დემონოპოლიზება მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კახა კუკავა ამომრჩეველს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას ჰპირდება.

„ჩემი გუნდი ქართველ ხალხს აძლევს დაპირებას – თუ მივიღეთ მათი მხარდაჭერა არჩევნებში, ვისაც ყელში აქვს ამოსული „ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” ორპარტიული მმართველობა, რეფერენდუმის შესახებ კანონის მეოთხე მუხლის თანახმად, დავნიშნავ რეფერენდუმს შეკითხვით -“გსურთ, თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება”. ვადამდელი არჩევნები საშუალებას მოგვცემს განვაახლოთ დაჭაობებული პოლიტიკური სისტემა, შემოვუშვათ ქართულ პოლიტიკაში ახალი პარტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დავტოვებ პრეზიდენტის თანამდებობას, რადგან პარლამენტის არსებული შემადგენლობის პირობებში, ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება შეუძლებელია”. – განაცხადა კახა კუკავამ.