საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პირველი ტურის მსგავსად საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა რაიონში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა.

„კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების განახლებული სია და საკონტაქტო ნომრები გადაგზავნილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, ცესკო-ს წარმომადგენლებს პირდაპირი კონტაქტი ექნებათ მათთან და კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან. გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი“, – აცხადებენ კომპანიაში.