საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შვიდ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები 4 მილიონი ლარით დაფინანსდება
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შვიდ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები 4 მილიონი ლარით დაფინანსდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შვიდ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები 4 მილიონი ლარით დაფინანსდება.

მათივე ცნობით, ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ლაგოდეხის, თელავის, ქუთაისის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემათ 3 774 097 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანადაფინანსება 42 ათას ლარზე მეტი იქნება. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა უშუალოდ მუნიციპალიტეტების ინიციატივითა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე.

„მოცემულ ეტაპზე გამოყოფილი დაფინანსებით, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა; კულტურული და საგანმანათლებლო როლის გაძლიერებისთვის, ქალაქ თელავში ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე განთავსება QR კოდები; ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე (მოსწავლე ახალგზარდობის სასახლის მიმდებარედ) აშენდება საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურა; წყალტუბოში „ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაუმჯობესდება არსებული ინფრასტრუქტურა და მოეწყობა სანიტარული წერტილები; ჭიათურაში ყაზბეგის ქუჩაზე კეთილმოეწყობა ტბის მიმდებარე ტერიტორია; ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდება სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღი; ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში კი მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და რეაბილიტირდება მისასვლელი გზა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში – კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და მისი წინასწარი ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. ამასთან, საპილოტე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები თანადაფინანსდება მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტიდან.

პროგრამის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 40 მილიონი ლარი უკვე გამოეყო სამ სახელმწიფო სააგენტოს: ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.

საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას; მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციების ხელშეწყობას; სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ – თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპილოტე 4 რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის დღეისათვის უკვე გამოყოფილია 48 მილიონ ლარამდე“, – აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი