საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცრად გოგა მელიქიძე დაინიშნა
საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცრად გოგა მელიქიძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე 2020 წლის აპრილიდან გოგა მელიქიძე დაინიშნა.

მელიქიძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესს უხელმძღვანელებს.

„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს, მიმაჩნია, რომ საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. ამასთან, დიდ პასუხიმგებლობას ვგრძნობ ამ გადაწყვეტილებით და დარწმუნებული ვარ,  საპენსიო სააგენტოს მონაწილეებისთვის შემდგომი ნაბიჯები უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება “, – აცხადებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, გოგა მელიქიძეს აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება, ამასთან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 10 წლიანი, ხოლო აქტივების მართვის მიმართულებით ცხრა წლიანი გამოცდილება. 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა კომპანია „გალტ ენდ თაგარტში“ საბროკერო დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სხვადასხვა წლებში იყო უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი და შემდგომ საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2012 – 2015 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას კომპანია „სმარტექსში“, რომელიც არის საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ჰოლდინგი, ვენჩერული კაპიტალით დაფინანსების სფეროში. 2012 წლამდე იკავებდა დირექტორის თანამდებობას გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ქართულ-რუმინულ კომპანიაში. 2004 – 2005 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „ბი-სი-აი“ („ალდაგი“) საპენსიო სქემის საინვესტიციო ანალიტიკოსად.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დატოვა მისმა წევრმა, დავით წიკლაურმა.

„გაცნობებთ, რომ დავით წიკლაური, სამომავლო ინტერესთან კონფლიქტის თავის არიდების მიზნით, 2020 წლის პირველი აპრილიდან, ტოვებს საინვესტიციო საბჭოს წევრის პოზიციას და უბრუნდება კერძო სექტორს. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და ვეთანხმებით, რომ ეს ქმედება უზრუნველყოფს ინტერესთა შეუთავსებლობისგან პროცესის დაცვას. მიგვაჩნია, რომ ის იყო გუნდის ღირებული წევრი. საინვესტიციო საბჭო თავისი მანდატის განხორცილებას აგრძელებს არსებული შემადგენლობით. საბჭოს ვაკანტური წევრის შერჩევა განხორციელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად” – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით წიკლაური საინვესტიციო საბჭოს წევრად 2019 წლის ივნისიდან დაინიშნა.

„ჩემთვის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში მუშაობა ვფიქრობ, მეტად პროდუქტიული  იყო. საპენსიო სააგენტოს ჰყავს მაღალკვალიფიციური გუნდი და უპრეცედენტოდ მაღალი ნდობის მქონე საინვესტიციო საბჭო, რაც იძლევა მოლოდინს, რომ პროცესები წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მივიღე გადაწყვეტილება, კვლავ დავუბრუნდე კერძო სექტორს“, – განაცხადა დავით წიკლაურმა.