საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია კვირის ბოლომდე შეიკრიბება
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია კვირის ბოლომდე შეიკრიბება

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია კვირის ბოლომდე შეიკრიბება, – ამის შესახებ პირველ არხს საპენსიო სააგენტოში განუცხადეს.

კომისიაში შედიან საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის წევრები აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ზურაბ ლალაზაშვილი.

სწორედ შესარჩევი კომისიის სხდომის შემდეგ საერთაშორისო გამოცემა „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა ვაკანსია. განაცხადების მიღება 21 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც შესარჩევი კომისია კანდიდატებს ხუთი დღის ვადაში შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს. საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს საკანონმდებლო ორგანო ხუთი წლის ვადით აირჩევს.

„საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება“, – წერია საქართველოს კანონში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“.