საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების პროცედურებს განმარტავს
საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების პროცედურებს განმარტავს

საპენსიო სააგენტო 40 წლის ასაკს ზემოთ მოსახლეობისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების პროცედურებს განმარტავს.

სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, მისამართზე – თბილისი, ყიფშიძის 7ბ. განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, სამუშაო საათებში – 9:00-დან 18:00 საათამდე.

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის. სისტემის დატოვებაზე განცხადების წარდგენა შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი, იმ თარიღიდან იწყება , როდესაც ბუღალტერმა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღის შემოწმება შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ, მომხმარებლის პირად პროფილზე. პირად პროფილზე შესასვლელად საჭიროა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოს.  თუ მოქალაქეს ორი დამსაქმებელი ჰყავს, შესაბამისად, პირად გვერდზე შესასვლელად საჭირო იქნება ორი პაროლი.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან მისი დატოვების შესახებ სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად  მხოლოდ ორი თვეა განსაზღვრული. თუ ამ ორი თვის განმავლობაში მოქალაქე არ დატოვებს სქემას, ის დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ დარჩება.

ამასთან, განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვებული თანხა შემომტანებს  – სახელმწიფოს, დამსაქმებელს და  დასაქმებულს დაუბრუნდებათ.