საპენსიო რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს დეკემბრის ბოლოს წარედგინება
საპენსიო რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს დეკემბრის ბოლოს წარედგინება

ჩვენ გვაქვს დასკვნითი შეხვედრები, რათა შევაგროვოთ საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან რეკომენდაციები და ავსახოთ ისინი კანონპროექტში, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმის თემაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართული კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

„ჩვენ პრაქტიკულად გამოვაქვეყნეთ, საპენსიო რეფორმის კანონპროექტი. ჩვენს ვებგვერდზე ის უკვე ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ჩვენ ვართ აქტიური საზოგადოებრივი კომუნიკაციის კამპანიაში, რომელიც მიმდინარეობს. ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში ალბათ დასრულდება. ჩვენ გვაქვს დასკვნითი შეხვედრები, რათა შევაგროვოთ საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან რეკომენდაციები და ავსახოთ ისინი კანონპროექტში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული პროექტი საკომუნიკაციოდ ყოფილიყო წარდგენილი საზოგადოებისათვის და შემდგომ უნდა მივიღოთ საზოგადოების უკურეაქციები და უნდა დავუბრუნდეთ პარლამენტს აღნიშნული ცვლილებებით. ეს თავისთავად ნოვატორული გადაწყვეტილება იყო – კანონს ვქმნით, პრაქტიკულად, საზოგადოებასთან ერთად. ვთვლით, რომ ორი კვირის განმავლობაში მზად ვიქნებით, რომ აღნიშნული კანონპროექტი მიიღოს მთავრობამ, ხოლო თვის ბოლოსთვის კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება“, – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

რაც შეეხება ცვლილებებს, რომელსაც მთავრობა კანონპროექტში გეგმავს, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ამ მიმართულებით რამდენიმე სიახლეა. მისი განმარტებით, ცვლილებების მიზანი, რეფორმის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო ამაღლება და რისკების გათვლაა.

„ცვლილებები ეხება ინვესტირების თემებს, ასევე თანხების შეგროვების საკითხს, სანდოობის გაზრდას საზოგადოებაში, რათა რეალურად უზრუნველვყოთ, რომ საზოგადოებას თავიდანვე ჰქონდეს ნდობა. პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე, თანხების ინვესტირება მოხდება აბსოლუტურად სახელმწიფოსგან განცალკევებულად. ხაზი მინდა გავუსვა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება დამატებითი ცვლილებები. პროექტი ითვალისწინებს ე.წ. აქტივების მმართველების შერჩევას, მნიშვნელოვანია, რომ შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით, ვიდრე ეს არის წარმოდგენილი. ჩვენ რეალურად, ბიზნესასოციაციებიდან ველოდებით კომენტარებს, უახლოეს დღეებში გვაქვს ეს შეხვედრები დანიშნული და რეალურად იმ საკითხების მოწესრიგებას ეხება, რომლებიც პრინციპში ისედაც იყო გათვალისწინებული კანონპროექტში“, – განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართულ ღონისძიებას საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, პროფკავშირების წარმომადგენლები და ევროპელმა ექსპერტები დაესწრნენ.