საპენსიო დანაზოგის სახით 20 მილიონი ლარია მობილიზებული
საპენსიო დანაზოგის სახით 20 მილიონი ლარია მობილიზებული

საპენსიო სააგენტოში, ბოლო მონაცემებით, 20 მილიონი ლარია მობილიზებული, თუმცა ჯერ ყველა კომპანიას დეკლარაცია არ დაუხურავს, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროგნოზის თანახმად, თვეში 35-40 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოხდეს.

ამასთან, სურგულაძის თქმით, გუშინდელი მონაცემებით, საპენსიო სისტემაში დარეგისტრირებულია 25 ათასი კომპანია, თუმცა ყველა დეკლარაცია ჯერ დახურული არ არის და ზუსტად რთულია განსაზღვრა, რამდენი ინდივიდუალური ანგარიში გაიხსნება.

„უფრო მეტი მცირე და საშუალო ბიზნესია ჩართული, ვიდრე მსხვილი ბიზნესი. ჯერ მხოლოდ 7 500-მა კომპანიამ დახურა დეკლარაცია, მაგრამ რაც შეეხება ინდივიდუალურ ანგარიშებს, ვინაიდან სახელმწიფოც უკვე ჩაერთო პროგრამაში, ამ დროისთვის დაახლოებით 300 000 ინდივიდუალური ანგარიშია გახსნილი, მათ შორის ამ 7 500 კომპანიის თანამშრომლებისაც. ვვარაუდობთ, რომ დეკლარაციების დახურვა თებერვლის დასაწყისში დასრულდება. ყოველდღიურად იზრდება კომპანიების რიცხვიც“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ჯამში დაახლოებით 600 000 ანგარიში უნდა შეიქმნას.

„თუმცა ეს მონაცემიც მოიმატებს იმის მიხედვით, ინფორმაციას როგორ მივაწვდით ბენეფიტების შესახებ და თვითდასაქმებულებიც დაიწყებენ გაწევრიანებას. რამდენიმე თვეში კი, ვვარაუდობთ, რომ 700 000 პერსონალურ ანგარიშზე ავალთ. გახსნილ 300 000 ანგარიშში დიდი ნაწილი არის სახელმწიფოს მხრიდან, დანარჩენი კერძო სექტორზე მოდის“, – განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, წინასწარი გათვლებით, ორ წელიწადში საპენსიო დანაზოგების სახით 1.5 მლრდ ლარის მობილიზება უნდა მოხდეს.

„რაც შეეხება თანხას, ბოლო ინფორმაციით, სააგენტოში დაახლოებით 20 მილიონი ლარია მობილიზებული, მაგრამ ჯერ კომპანიებს დეკლარაციები არ დაუხურავთ. რთულია წინასწარ თანხაზე საუბარი, მაგრამ ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით 35-40 მილიონი უნდა შემოვიდეს თვეში. პირველი თვის შედეგების შემდეგ პროგნოზებიც უფრო ზუსტი იქნება. საწყისი გათვლა იყო, რომ ორ წელიწადში საპენსიო დანაზოგების სახით მილიარდ ნახევარი ლარი უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა.