საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა კვაშილავა აცხადებს, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში უჩივლებს
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა კვაშილავა აცხადებს, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში უჩივლებს

„ტელეკომპანია „პირველმა“ ჩემთან დაკავშირებით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, შეილახა ჩემი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. პირველ რიგში, ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია „პირველისაგან“. ასევე, ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და მივმართავ სასამართლოს ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურმა, გელა კვაშილავამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვარ გელა კვაშილავა, პოლიციის მაიორი, ფოთის საქალაქო საპატრულოს თანამშრომელი, ათეულის მეთაური. დაახლოებით 10 წელზე მეტია, ვმუშაობ პოლიციაში და ღირსეულად ვასრულებ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას.

მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო და გამოვეხმაურო, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 30 იანვარს გასულ სიუჟეტს, სადაც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მე, გელა კვაშილავა ფოთის ქუჩებში გადავაადგილდებოდი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და გადამქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არის სიცრუე, არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არ მქონია არასდროს, არც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მყავს და არც მითხოვია ვინმესგან მსგავსი ტიპის ავტომანქანა.

სანამ სიუჟეტი გავიდოდა ეთერში, მე დამიკავშირდა ტელეკომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ვესაუბრე და განვუმარტე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ მქონია, ასევე, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გაშუქდა ჩემი ფოტოსურათი ეთერში და ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე ნარკოტიკული საშუალების გადატანით ვარ დაკავებული.

მე, გელა კვაშილავას მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ასაკოვანი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები. ამ სიუჟეტის შემდეგ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია „პირველისაგან“.

ასევე, ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და მივმართავ სასამართლოს ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.

დატოვე კომენტარი